წლის ჭკვიანი, ძლიერი და გემოვნებიანი ქალი 2015

Nino Surguladze for EGO

006_013_ego_41_Mtavari tema

შეხვედრა სახლში დამითქვა. როგორც შემდგომ საუბარში აღნიშნა, ეს ის ადგილია, სადაც ყოველდღიური გადატვირთული გრაფიკისგან გადაღლილს საკუთარ თავთან დარჩენის ფუფუნება აქვს. ამ სახლში მე მისი ერთადერთი მსმენელი და მაყურებელი აღმოვჩნდი; მსმენელი, რომელიც მისგან ერთადერთი როლის განსახიერებას ელოდა, სამსახიობო ოსტატობის გარეშე. ჩემ წინ იჯდა უმაკიაჟო და ოდნავ დაღლილი, ნამდვილი ნინო სურგულაძე. ჩემი რესპონდენტი იმ ასაკშია, როცა ადამიანი ცხოვრებას იღებს შელამაზების გარეშე.

 

EGO: როგორ მოხდა თქვენი პირველი შეხება მუსიკასთან?

უდიდესი გავლენა ჩემზე მამამ იქონია, რომელიც ხშირად მასმენინებდა საყვარელი მომღერლების, ბენიამინო ჯილისა და მარიო ლანცას ფირფიტებს. პირველი მთავარი როლი ა. ვირსალაძის სახელობის ხელოვნების სკოლაში მომცეს. იმ დროს ფილარმონიის სცენაზე დგომა დიდ მიღწევად ითვლებოდა. მახსოვს, რომ ყოველ გამოსვლას ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული ახლდა და რაც უფრო მეტი მაყურებელი მყავდა, მით უფრო მიხაროდა.

EGO: ფიქრობთ, რომ შემოქმედებაში მთავარი პრობლემა გულწრფელობის დეფიციტია?

ვფიქრობ, რომ არა მარტო მუსიკაში, არამედ ზოგადად, ცხოვრებაში გულწრფელობის არქონაა პრობლემა და პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ. სცენაზე არაგულწრფელი ადამიანი შეუძლებელია, იყოს წარმატებული. სცენა ისეთი ადგილია, სადაც რადიოგრაფია კეთდება და მაყურებელი ხედავს ყველაფერს. ხმა თუ არ იბადება გულწრფელი ემოციით, მაყურებლის გულებში სიმებს ვერ შეარხევ.

რომ არ იყოთ მომღერალი, ვინ იქნებოდით?

არასდროს მიფიქრია ამაზე, თუმცა კინოზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი. კინო დიდი ემოციაა, რომელიც პატარა ნიუანსებისაგან შედგება.

EGO: ცოტახნის წინ, ჟურნალ „ეგოს” 2016 წლის დაჯილდოების ცერემონიაზე ხალხმა დაგასახელათ წლის ძლიერ და გემოვნებიან ქალად. როგორ ფიქრობთ, საქართველოში უყვართ ძლიერი ქალები?

არ ვიცი, ძლიერი ქალი რამდენად უყვართ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, პატივს სცემენ.

EGO: უხარისხო მუსიკა ინდური სერიალივითაა, ყველა უკმაყოფილებას გამოთქვამს და მაინც ყველა უსმენს. როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება ასე? ჯერ გემოვნება არ ჩამოგვყალიბებია, თუ ფართოდ მიღებული საზოგადოებრივი აზრი გვაშინებს?

ვფიქრობ, უგემოვნო მუსიკასაც აქვს არსებობის უფლება. თუმცა, ჩემი აზრით, საბოლოოდ, მუსიკალური გემოვნება უნდა დაიხვეწოს. ამისთვის კი უნდა არსებობდეს ჯანსაღი კრიტიკა. სხვათაშორის, „ეგოზე” გამახსენდა – მულტიპლიკაციურ ფილმში „რატატუი” არის ასეთი პერსონაჟი – კრიტიკოსი ეგო, რომლისაც ყველას ეშინია, რადგან მისი კომპეტენტური აზრი ბევრ რამეს ცვლის. „ეგო” ქსპერტია, ჩვენ კი ასეთი ეგოები გვჭირდება.

EGO: როგორ გესმით ცნება – თავისუფალი ადამიანი ?

ეს სულაც არ ნიშნავს, აკეთო ყველაფერი, რაც თავში მოგივა; პირიქით, ეს უდიდესი პასუხისმგებლობა და გარკვეულწილად, ჩარჩოცაა. არასდროს უნდა გადაკვეთო სხვისი თავისუფლების საზღვრები… პირველ რიგში, თავისუფლება ბრძოლაა საკუთარ თავთან.

EGO: ბოლო დროს ხშირად საუბრობენ სექსსა და რელიგიაზე. როგორ ფიქრობთ, ეს ხდება იმიტომ, რომ ქართველები ორივეში კომპეტენტურები ვართ, თუ პირიქით, კომპეტენციის დეფიციტს განვიცდით?

დღეს ამ თემაზე საქართველოში ხმამაღლა საუბრობენ, რადგან ის პერიოდი, რომელიც ევროპამ რამდენიმე ათეული წლის წინ გაიარა, საქართველოში ახლა დადგა. ეს ტალღაა, რომელიც აუცილებლად გადაივლის. რელიგია კი საქართველოში ყოველთვის იყო სასაუბრო თემა.

EGO: რითი განსხვავდება რწმენა რელიგიისგან. თუ თვლით, რომ ეს ერთი და იგივეა?

ჩემი აზრით რელიგიის გარეშე არსებობა შეიძლება, მაგრამ რწმენის გარეშე – რთულია.

EGO: რას უმღერებდით ღმერთს რომ შეხვედროდით?

მხურვალე აპლოდისმენტების დროს, მომღერალი პუბლიკის წინაშე, მადლიერების ნიშნად, თავს ხრის. ეს ბედნიერების წუთები ზოგიერთს მხოლოდ თავის მონაპოვრად მიაჩნია. ხშირად ავიწყდებათ, რომ ეს ღმერთის ჯილდოა. ღმერთთან შეხვედრის შესაძლებლობა რომ მომეცეს, აუცილებლად „ავე მარიას” ვუმღერებდი.

EGO: წარმატების მისაღწევად ყველა ხერხი დასაშვებია?

ყველა ადამიანს აქვს თავისი საზომი იმისა, თუ რა არის დასაშვები. თუმცა, როგორც იტყვიან, გამარჯვებულს აღარ განიკითხავენ. ჩემთვის მთავარია, ადამიანმა ისე წარმართოს ცხოვრება, რომ საკუთარი თავისადმი პატივისცემა არ დაკარგოს.

EGO: იყო ცნობადი, ნიშნავს თუ არა იყო წარმატებული?

რა თქმა უნდა, არა. იყო ცნობილი, სულაც არ ნიშნავს, იყო წარმატებული, თუმცა ცხოვრებაში პოპულარობა შემდგომი ნაბიჯების გადადგმაში ძალიან გეხმარება.

EGO: ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიას თუ გადაავლებთ თვალს, რითი ამაყობს და რისი რცხვენია ყველაზე მეტად საქართველოს მოქალაქე ნინო სურგულაძეს?

მრცხვენია იმ პერიოდის, როდესაც საქართველოში ქართველები ერთმანეთს ასმენდნენ. წინა საუკუნის 1937 წელი აღარ მინდა დაბრუნდეს. ძალიან ამაყი ვიყავი 2015 წლის თბილისის წყალდიდობის შემდგომ ერთმანეთის დასახმარებლად გამოსულ ქართველებს რომ ვხედავდი. მე მაინც მჯერა, რომ ბნელი ნათელს ვერ დაეწევა.

EGO: სცენაზე გასვლის წინ გაქვთ რამე რიტუალი?

პირჯვარს ვიწერ და სცენაზე ყოველთვის გაავდივარ ისე, თითქოს ეს ჩემი ბოლო გამოსვლაა.

EGO: სარკესთან, საკუთარი თავის პირისპირ მდგომი, რას ეტყოდით საკუთარ თავს?

ნინო, ხანდახან მაინც დაისვენე…

 

მაიკო ჯანგულაშვილი